ბზის ისტორია

    ბზა (Buxus), ორლებნიან მცენარეთა გვარი ბზისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე დაბალი ხეები ან ბუჩქებია. შეიცავს 70-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ, ნაწილობრივ ზომიერი ჰავის ზონაში ფილიპინის, მცირე ზონდის, მადაგასკარისა და აფრიკაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში, ვესტ-ინდოეთში, სამხრეთ ევროპასა და მცირე აზიაში. კავკასიაში ბუნებრივად გვხვდება 2 რელიქტური სახეობა: კოლხური ბზა (Buxus colchica) და ჰირკანული ბზა (Buxus hyrcana). საქართველოში მოშენებულია ბზის 4 უცხოური სახეობა: ჩვეულებრივი ანუ მარადმწვანე ბზა (Buxus sempervirens); წვრილფოთოლა ბზა (Buxus microphylla); იაპონური ბზა (Buxus japonica) და ბალეარული ბზა (Buxus balearica).

    ბზა იზრდება ნელა და 500-600 წელს ცოცხლობს.  მისი მაგარი და მძიმე მერქანი გარეგნულად სპილოს ძვალს წააგავს. კარგად პრიალდება. იყენებენ  როგორც კოჟრებს ასევე მის მერქანს სხვადასხვა დანიშნულებისამებრ; კავკასიური ბზის მერქანი ცნობილია “კავკასიური პალმის” ან “პალმის ხის” სახელწოდებით,რომელიც აფხაზეთში  ბზიფის ხეობაში და სამეგრელოს ზოგიერთ რაიონში არის გავრცელებული.

    საქართველოში ხეზე კვეთისთვის გამოიყენება კოლხური ბზა, რომელიც თავისი ფერით და ხარისხით დანარჩენ ბზის ჯიშებთან შედარებით უკეთესია. ოდითგან მას გამოიყენებდნენ სხვადასხვა დანიშნულებისამებრ სამხედრო, საყოფაცხოვრებო და რელიგიური ნივთების დასამზადებლად.

    როგორც ცნობილია, საქართველოს ზღვისპირა ქალაქები (ფოთი,სოხუმი. ბათუმი, ქობულეთი) ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში იყო ბერძნული დასახლებები ანუ კოლონიები. სწორედ ამ დასახლებებში მცხოვრები ბერძნების მიერ იჭრებოდა და მასიურად გადიოდა ბზის მასალა საბერძნეთში. ბზა  წყალში 80-100 წელი  არ ლპება და სწორედ ამიტომაც გაჰქონდათ ბერძნებს ქართული  ბზა გემთმშენებლობისთვის.

    ძველი დროის სამხედრო აღჭურვილობაში შედიოდა ბზისგან დამზადებული მშვილდი და ისრები, ასევე მზადდებოდა საბრძოლო შუბები და სხვა. ბზა თავისი უნიკალური თვისების გამო ცეცხლზე მოხარშვას ექვემდებარება და ადვილად დასამორჩილებელია სხვადასხა ფორმის მისაღებად.

    საყოფაცხოვრებო ნივთებიდან კი აღსანიშნავია გუთნის სახნისი, ერქვანი-გუთნის სახელური.ფილთაქვა, ჯამი, სანაყი,კოვზი, შანდალი, სადგისი,სავარცხელი,ყაისნაღი და საქსოვი ჩხირები, ქალის სამკაულები, საკერავი ნემსი, საკისარის ბურთები, კარი და ფანჯარა,  სხვადასხვა დანიშნულების ჭურჭელი და სხვა. კეთდებოდა დედა ბოძი, რომელსაც სარიტუალო  დანიშნულება ჰქონდა. ბზა ასევე გამოიყენება  ხელოვნებაში ქანდაკებისათვის .

    საეკლესიო  ხელოვნებაში ბზას დიდი ადგილი უკავია, მისგან ძირითადად მზადდება ისეთი ძვირფასი ნივთები როგორიცაა:        სამღვდელთავრო ჯვარ-პანაღია, ბარძიმ-ფეშხუმი, სადღესასწაულო ტრაპეზის ჯვარი, სამღვდელო ჯვარი, ხატები, ჯვარცმები, გულსაკიდი ჯვრები და მედალიონები, კრიალოსნები , ლახვრის და უსუპის  ტარები, საბერო ხელის ჯვარი, პარამანი, საბეჭური და სხვა.

ბზა წითელ წიგნშია შეტანილი და მისი მასიურად მოჭრა აკძალულია და ისჯება კანონით.