ხეზე კვეთა

    ხეზე კვეთა ანუ ხის მხატვრული დამუშავება  მსოფლიოში ერთერთი უძველესი ხელოვნებაა. ძველ აღთქმაში არაერთგანაა ნახსენები ხის დამუშავება. ერთ-ერთი მაგალითია ნოეს კიდობანი და მისი მშენებლობა. ახალ აღთქმაში კი პირდაპირ არის გადმოცემული რომ, მართალი იოსები დურგალი იყო და ამ ხელობით არჩენდა წმინდა ოჯახს. ყრმა იესო და მისი ხორციელი ძმა იაკობი ამ საქმიანობის მცოდნეები და იოსების დამხმარეები იყვნენ.

    საქართველო უძველესი ქვეყანაა და ხის დამუშავების ტრადიციაც უძველესი აქვს, სხვადასხვა კუთხეებში თავისებური ხასიათის და ფორმების ხის ჩუქურთმა არსებობდა და არსებობს, ამ კუთხით სვანეთი განსაკუთრებულად გამორჩეულია. სადაც ხის ჩუქურთმა გამოიყენებოდა ოდის ინტერიერის გასალამაზებლად, დედა ბოძის, მახვშის სკამის და ავეჯის გასაფორმებლად.

    ხის მხატვრული დამუშავება თანამედროვე საქართველოში არც ისე ფართოდ გავრცელებული საქმიანობაა,რაც ნელ-ნელა დავიწყებას ეძლევა. სხვადასხვა კუთხეში თითზე ჩამოსათვლელი ოსტატები შემორჩნენ, რომლებიც თავიანთ ცონას ვერ გასცემენ მომავალ თაობაზე. დღესდღეობით უამრავი სამრევლო და სასულიერო სკოლა  ფუნქციონირებს,რომელთა მიზანია დავიწყებას არ მიეცეს და არ გაქრეს ეს უძველესი საქმიანობა რასაც ხეზე კვეთა ჰქვია. ამ კუთხით გამორჩეულია მისი უწმინდესობის კურთხევით გახსნილი  სამების სამრევლო სკოლა, რომელიც 1996 წელს დაარსდა სიონის საკათედრო ტაძართან და  2006 წელს  გადავიდა სამების სამრევლო სკოლაში.ამ სკოლამ  ხელი შეუწყო ახალგაზრდობის მოზიდვას და დაინტერესებას ამ საქმიანობით. დღესდღეობით ბევრი ახალგაზრდა ეუფლება ბზაზე მუშაობას და საკმაოდ წარმატებითაც.ამაში ლომის წილი მიუძღვის მის უწმინდესობას ილია მეორეს.

    ხეზე კვეთა ძალიან საინტერესო საქმეა.არ მოითხოვს ხატვის ნიჭს.სწავლის მეთოდი ძალიან მარტივია და ყველასთვის გასაგები. ადვილად ასათვისებელი როგორც ბიჭისთვის ასევე გოგნასთვის.ვიწყებთ მარტივი ჩუქურთმით და ნელ-ნელა ვართულებთ. ვსწავლობთ რამოდენიმე სახეობის სვანურ ჩუქურთმას და შემდეგ გადავდივართ ბზის მასალაზე სამუშაოდ.ბზისგან კი ძირითადად საეკლესიო ნივთების კეთებას ვასწავლით, როგორიცაა გულსაკიდი ჯვრები, ჯვარცმები, მედალიონები, პანაღიები, ხატები, სკვნილები, საბეჭურები, პარამანები, ხელის ჯვრები, ტრაპეზის ჯვრები, უსუპები, ზეთისცხების ჭუჭელი და ფუნჯები, კვერთხები და უამრავი სხვა რამ. რაც მთავარია სწავლა უფასოა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს და შეისწავლოს ეს ღვთისგან დალოცვილი საქმე, რასაც ხეზე კვეთა ჰქვია.